XX საუკუნის დასაწყისიდან მტკვრის მარცხენა ნაპირის საუკეთესო სასტუმრო გახდა „ვეტცელი“. ის 1897-1900 წლებში აიგო მიხეილისა და ვეტცელის ქუჩების კუთხეში. შენობისა და სასტუმროს მფლობელი იყო ფრიდრიხ ვეტცელი (1835-1904), მეორე გილდიის ვაჭარი, XIX საუკუნის დასაწყისში ვიურტემბერგიდან საქართველოში გადმოსახლებული გერმანელი კოლონისტის კასპარ ვეტცელის ვაჟი. ფრიდრიხ ვეტცელს სასტუმროს გარდა ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, ფლობდა სახლებს თბილისში, კოჯორსა და წავკისში. გარკვეულ პერიოდში იყო ქალაქის სათათბიროს წევრი. როგორც ჩანს, მისი ფინანსური შესაძლობები და ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ ახლანდელი ზ. ჭავჭავაძის ქუჩა ერთ ხანს ვეტცელის სახელს ატარებდა. სასტუმროს მშენებლობა ფრიდრიხ ვეტცელის უკანასკნელი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. მან სასტუმროს დაპროექტება თბილისში მოღვაწე გერმანელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს (1838-1921) შეუკვეთა. ვეტცელების მდიდარი ოჯახი ლეოპოლდ ბილფელდის ხშირი დამკვეთი იყო. ბილფელდმა ვეტცელის სასტუმროს შენობისათვის ფსევდობაროკული სტილი შეარჩია. სამსართულიან შენობას მანსარდითა და სარდაფებით გეგმაში რუსული П-ს ფორმა ჰქონდა. ნაგებობის მკლავებს შორის შიდა მხრიდან ეზო იყო მოქცეული, სადაც შენობის ნაწილი ხის აივნებით იხსნებოდა. შენობა აიგო თავისი დროის უკანასკნელი ტექნიკური მიღწევების გამოყენებით, სართულშუა გადახურვებისათვის რკინა-ბეტონის კოჭებია გამოყენებული. სასტუმროს სარეკლამო განცხადებები მუდმივად თავსდებოდა გაზეთებსა და გზამკვლევებში. ისინი გვამცნობს, რომ ახლადგახსნილი სასტუმრო განსაკუთრებულ კომფორტსა და სერვისს სთავაზობდა მომხმარებლებს. ნომრები გათბობითა და ელექტროგაყვანილობით იყო აღჭურვილი. სასტუმროში ფუნქციონირებდა რამდენიმე რესტორანი, მათ შორის, ერთი სარდაფის სართულში, რომელიც გაფორმებული იყო „გერმანული სტილის“ მხატვრობით. კლიენტებს თავის შექცევა ბილიარდისა და კეგელბანის თამაშითაც შეეძლოთ. სასტუმროს შიდა ეზოს მხრიდან ბაღი ამშვენებდა. მთავარი, რაც სასტუმრო „ვეტცელს“ თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო ის, რომ იგი თეატრსაც შეიცავდა. თეატრი განთავსებული იყო შენობის მარცხენა ერთსართულიან ფლიგელში. 1906 წლის 24 მაისს თეატრში სადებიუტო წარმოდგენები გაუმართავს ოსურ დრამატულ წრეს. ამ დარბაზში საქორწინო და სხვა სახის დღესასწაულებიც იმართებოდა. იმავე 1900 წელს, როდესაც სასტუმრო გაიხსნა, ფრიდრიხ ვეტცელმა სასტუმროს გაფართოების მიზნით ორი ფლიგელი მიაშენა ქსენიას ქუჩის მხრიდან. ერთი ფლიგელი განკუთვნილი იყო მომსახურე პერსონალისთვის, ხოლო მეორე — სამანქანო განყოფილებისთვის. მიშენების პროექტი ისევ ბილფელდმა შეასრულა. ფრიდრიხ ვეტცელს მხოლოდ 4 წლის განმავლობაში მოუწია სასტუმროს მართვა. 1904 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა გადავიდა შვილებზე,რომლებიც ერთხანს განაგრძობდნენ მამის მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობას. მაგრამ მოგვიანებით, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე, გაყიდეს სასტუმრო, ქარხანაც და რამდენიმე სახლი თბილისში. 1911 წელს, ფრიდრიხ ვეტცელის შვილმა გუსტავმა სასტუმრო მიჰყიდა ნოე სიხარულიძეს. სასტუმრო რამდენიმე წელი ისევ „ვეტცელის“ სახელწოდებით ფუნქციონირებდა და ის კვლავ ინარჩუნებდა წინანდელ პრესტიჟს. როგორც იმდროინდელი რეკლამიდან ვიგებთ სასტუმროს მომსახურება კიდევ უფრო გაუმჯობესებულა. ჩამოსულებს სადგურში ხვდებოდნენ კომისიონერები, რომლებსაც რამდენიმე ენაზე შეეძლოთ საუბარი. ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთხელ უფასოდ ესარგებლათ სააბაზანოთი. ნოე სიხარულიძემ 1913 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარა სასტუმროს შენობას. უცნობია გადაკეთების პროექტის არქიტექტორი. რეკონსტრუქცია შეეხო შენობის აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გამავალ ნაწილებს. პროსპექტის მხრიდან ნაგებობას მეორე სართულის დონეზე მიუშენდა ვერანდა, რომელიც შენობის პერიმეტრიდან წინ არის გამოწეული, ხოლო მის რიკულებიან მოაჯირზე ჟარდინიერებია მოთავსებული. პირველი სართულის დონეზე გვერდითა შვერილებს შორის დაემატა ღია შესასვლელი, ქუჩის პირზე შემოფარგლული სვეტებითა და თაღებით. გაჩნდა დამატებითი დეკორატიული დეტალები – ადამიანის სახეებიანი კრონშტაინები, ცენტრალური შესასვლელი კარის აქეთ-იქით მუზარადიანი ჰერმესის სკულპტურებით, რომლებიც, სავარაუდოდ, მოქანდაკე კარლ ვილსის მიერაა შესრულებული. ამავე პერიოდისაა ხელოვნური მღვიმეები პირველ და მეორე სართულებზე. 1914 ან 1915 წელს ნოე სიხარულიძემ სასტუმროს საკუთარი სახელი ნოე დაარქვა. სახელის შეცვლა ალბათ დაკავშირებული იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან, როცა მთელს რუსეთის იმპერიაში დაიწყეს გერმანული სახელწოდებების შეცვლა. სავარაუდოდ მაშინ ჩამოაცალეს სასტუმროს წარწერა ГОСТИНИЦА ВЕТЦЕЛЬ, რომელიც მთავარი ფასადზე იყო მოთავსებული. 1920-იანი წლების ბოლოს სასტუმროს კვლავ ეცვლება სახელწოდება და მისი ახალი სახელია „ევროპა“. საბჭოთა პერიოდში შენობაში კარგა ხანს ფუნქციონირებდა სასტუმრო „რუსთავი“. 1970-იანი წლებიდან იგი ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას _ ჯერ იუსტიციის სამინისტროს, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს (1991 წლამდე). 2000-იანი წლების ბოლომდე კონტროლის პალატა იყო განთავსებული. მას შემდეგ შენობა დაცლილი და უფუნქციოა და მოუვლელობის გამო ზიანდება. 1 ვრცლად სასტუმრო „ვეტცელის“ შესახებ იხ. ნ. ჭანიშვილი, სასტუმრო „ვეტცელის“ ისტორია და არქიტექტურა, საქართველოს სიძველენი, 13, 2009, 213-223. თბილისის სასტუმროების შესახებ იხ. დ. ხოშტარია, თბილისი, ძველი სასტუმროები, თბ., 2011. 2 ვეტცელის ქუჩა (თავიდან შესახვევი) XIX საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა. 1900 წლის ახლოს მას ქსენიას (Ксеньевская) ქუჩა ეწოდა. გასაბჭოების შემდეგ ერთხანს ატარებდა ამოს სახელს, მოგვიანებით — შეროზიასი, 1990 წლიდან დღემდე — ზ. ჭავჭავაძისა. სასტუმროს პროექტში ის აღნიშნულია როგორც ვეტცელის ქუჩა. 3 Frieda Mayer-Melikova, Ein Leben zwischen den Muhlsteinen der Politik, Schorndorf, n.d. / c 1997, 9. 4 სცსსა, ფონდი 192 8ა, საქმე N 3219. 5 Тифлисский листок, 1900, № 39: „Ново-открытая гостиница „Ветцель“ (Михайловский проспект, №137, телефон № 380) извещает, что в ней имеются прекрасно устроенные номера со всеми удобствами, как-то: водяным отоплением, электрическим освещением, подъемной машиной и т. д. По ценам от 1 р. 50 к. До 8 рублей в сутки. В ресторане гостиницы обеды: из 3-х блюд с кофеем или сладким по 1 руб и из 5-ти блюд с кофеем по 1 руб. 50 коп. Большой выбор кушаний по карточке, по умеренным ценам. Превосходная кухня под руководством ученого заграничного повара. Провизия лучшего достойнства. Отборные местные и заграничные вина по невысоким ценам. Для свадеб и других случаев имеется театральная зала для 50-150 персон и отдельные кабинеты для небольших обществ до 30 персон. В ресторане подвального этажа гостиницы, расписанном живописью в германском стиле, обеды: из 3-х блюд по 60 коп. и из 5-ти блюд по 1 руб. Кушания по карточке и напитки по самым доступным ценам.” Кроме того, имеются к услугам публики биллиарды и кегельбан. 6 Кавказ, 1900, N 9. 7 Гр. Москвич, Путеводитель по Кавказу, 22-ое издание, Санкт-Петербург, 1915, 280. 8 სცსსა, ფონდი 192 8ა, საქმე N 6319 (ორი ფლიგელის მიშენების პროექტი). 9 ფრიდრიხ ვეტცელის ვაჟი გუსტავი 1937 წელს გადაასახლეს. გოტლობი საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად რიგაში გადავიდა. ემილია მარგარიტე 1899 წელს ცოლად შეირთო პასტორმა ანტონ რიჰარდ მაიერმა, რომელიც იყო ევანგელისტური თემის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში. ლუიზა ცოლად გაჰყვა გერმანიის ქვეშევრდომ ბაკეს. 10 მ. მანია, ევროპელი არქიტექტორები თბილისში, 90. 11 Кавказский Календарь, 1913. 12 გ. ბეჟანიშვილი, პლეხანოვის პროსპექტი, (ხელნაწერი), თბილისის სახელმწიფო არქივი, ფონდი 150/ ანაწერი 1, შეს. ერთეული 216. 13 მ. მანია, ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბილისი, 2006, 42. 14 Тифлис и его окрестности, путеводитель, под. ред. И. Асланишвили, Тифлис, 1925, 246, ასევე Тифлис, справочник для экскурсантов, Тифлис, 1929, 123.
Recommended by Metaport